“პოლონეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააკავეს და მიიყვანეს – დარწმუნებული ვარ, პირები, რომლებიც დაბარებული იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ შესაბამის ჩვენებას” – პაპუაშვილი
„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საგამოძიებო კომისია, რომელიც ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით იქნება დაფუძნებული. გათვალისწინებული იქნება კვოტები პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ფრაქციებისთვის, დაკომპლექტდება უკვე შემადგენლობით და დაიწყებს მუშაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ვაპირებთ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ექვსი თვის განმავლობაში, საგამოძიებო კომისიამ იმუშაოს და შედეგები უკვე სექტემბერში შეაჯამოს, საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის უნდა მივიღოთ მასთან დაკავშირებით დადგენილება.
რაც შეეხება კომისიასთან თანამშრომლობას, ეს არ არის ვინმეს ნება, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ პირი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, გამოცხადდეს კომისიაზე და მისცეს ჩვენება. თქვენ ცოტა ხნის წინ ნახეთ, რომ პოლონეთში, საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააკავეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში. საგამოძიებო კომისიას მაქვს სპეციალური, საკონსტიტუციო სტატუსის მქონე ინსტიტუცია, კომისია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით დაცულია მისი ფუნქციონირება, ამიტომ ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს კომისიასთან და მისცეს ჩვენება. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები, რომლებიც დაბარებული იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ შესაბამის ჩვენებას. მეორეს მხრივ, თუკი არაფერი აქვთ დასამალი და არ ფიქრობენ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი, რატომ არ უნდა უნდოდეთ, რომ საჯაროდ უპასუხონ იმ კითხვებს, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელი აქვს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.