ომბუდსმენი: სამწუხაროდ, ისევე, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა და ის ფაქტი, რომ 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს, საგანგაშო სტატისტიკაა
„სამწუხაროდ, ისევე, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა და ის ფაქტი, რომ 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს, საგანგაშო სტატისტიკაა”,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ აქციის მონაწილეთა მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში.
“ამასთან, ყურადსაღებია, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული სავარაუდო დანაშაული, უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში. დღემდე უამრავი მოქალაქე გვყავს დაზიანებული, მაგრამ არცერთი სამართალდამცავი არ არის მხილებული თავისი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში. ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ და დღეს – 2 და 3 თებერვალს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. მათგან 22 სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდა.