“უკვე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი საუბრობს იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ, თუ როგორ მავნე ქმედებებთან გვაქვს საქმე ზოგიერთი დონორის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციის ნაბიჯებით” – პაპუაშვილი
“დამაიმედებელია ტენდენციები, რასაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. დღეს უკვე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი საუბრობს იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ, თუ როგორ მავნე ქმედებებთან გვაქვს საქმე ზოგიერთი დონორის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციის ნაბიჯებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წლებია, მმართველი გუნდი USAID-სა და NED-თან დაკავშირებით საუბრობს.
“განსაკუთრებით საუბარი ეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ისფედის“ მხრიდან პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას. ამაში ჩართული იყო USAID-ის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, რომელიც პირდაპირ გვატყუებდა, რომ მონაცემები იყო სწორი, შემდეგ „ისფედის“ აღიარებითვე გაირკვა, რომ USAID-მაც იცოდა, მცდარი ინფორმაცია რომ იყო. დიდი ეჭვი მაქვს, მაშინდელმა ელჩმაც იცოდა, რომ ყალბი რიცხვები იყო და, თავისი სტატუსის მიუხედავად, ამ მონაცემებს მალავდა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მაგალითი, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აძლევს სხვა ქვეყნებს, რომ სხვა ქვეყნებმა ამ მაგალითს მიბაძონ. აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ თუ აყენებს აშშ-ის მხრიდან დაფინანსებული პროექტების კეთილსინდისიერებას, ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე დიდი დონორი ყველა ქვეყანაში და საქართველოში, რა თქმა უნდა, აქ წარმოიშობა ეჭვი, რომ სხვა ქვეყნების დაფინანსებაშიც, შესაძლოა არსებობდეს არაკეთილსინდისიერი მიმართულებები თუ მიზნები. ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც საქართველოში ფულს ხარჯავს, ჩემი მოწოდებაა, გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული. თუ ამდენი არაეფექტიანი ხარჯვა, მავნებლური ხარჯვა, რასაც ბოლო პერიოდში აშშ-ის ადმინისტრაციიდან ვისმენთ, გამოვლინდა აშშ-ში, დიდია ალბათობა იმის, რომ სხვა ქვეყნის ხარჯებშიც იქნება ასეთი მავნებლური პროექტები.
ზოგიერთი მაგალითი ისედაც ვიცით, სულ ბოლო მაგალითი იყო, როდესაც დანიის სახელმწიფო წინასაარჩევნო კამპანიას უფინანსებდა „ენჯეოს“ საფარქვეშ მოქმედ პოლიტიკურ ძალას, „ლელოს“ მოკავშირე „თავისუფლების“ მოედანს. ჩვენი დიდი მცდელობის და ხმაურის შემდეგ ჩახსნა ეს დაფინანსება, რომელიც უკანონო დაფინანსება იყო. რაც შეეხება ჩემს წერილს, აქამდე საჯაროდ არ გამომქონდა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, მათ შორის, თარიღიც მნიშვნელოვანია, როდის იყო ეს მიმოწერა. 2023 წელს გამჭვირვალობის კანონი როდესაც დავაინიციირეთ, მაშინ ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და არ მივიღეთ. მაშინ მივიღეთ პირობა დონორი ორგანიზაციებისგან, რომ იქნებოდნენ გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და ამ პირობასთან დაკავშირებული იყო ეს წერილიც, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში მივწერე ევროკავშირის ელჩს. მაშინ გასკდა სკანდალი, აღმოჩნდა, რომ დონორების ფულით ხდებოდა ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა და ეს იყო საფუძველი, მიმეწერა, თორემ ზეპირად არაერთხელ მქონდა დონორებთან, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი და თხოვნა, რომ გაესაჯაროებინათ მათი დაფინანსება. ვინაიდან ზეპირი საუბრებით ვერაფერს მივაღწიე, წერილობითაც მივმართე ევროკავშირის ელჩს. მას ოთხი თვე დასჭირდა პასუხის გასაცემად, რომ EED-ი გახლავთ ცალკე ინსტიტუცია და პირდაპირ მას მივმართო. ეს არაა სერიოზული პასუხი, ვინაიდან EED-ი გახლავთ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, დაფინანსებული და ევროპარლამენტარების მიერ მართული ორგანიზაციაა. ის არის ყველანაირად დაკავშირებული ბრიუსელის სხვადასხვა ინსტიტუციასთან. არა თქმა უნდა, მის გამჭვირვალობაზე პასუხისმგებლობაც აქვს ბრიუსელს და მის ინსტიტუტებს. ამიტომ, სამწუხარო იყო ეს პასუხი, რომელიც არანაირად არ შეესაბამებოდა გამჭვირვალობის შესახებ მოცემულ პირობას. ამის შემდეგ ხელმეორედ დავაინიციირეთ გამჭვირვალობის კანონი და მაშინაც ვსაუბრობდით, რომ არ შესრულდა პირობა, რომელიც დონორებისგან მივიღეთ, რომ გამჭვირვალეები იქნებოდნენ. ეს არის მოწმობა იმისა, რომ მიუხედავად ოფიციალური მიმართვისა, ოთხი თვე გვალოდინეს პასუხზე და ოთხი თვის თავზეც მოგვცეს პასუხი, რომელიც არასერიოზული იყო. დანამდვილებით ვიცი, რომ შესაბამის პირებს, დიპლომატებს, თუ სხვადასხვა თანამდებობის პირებს ევროკავშირში სრული წვდომა აქვთ ევროპის დემოკრატიის ფონდის პროექტების სიასთან, ბიუჯეტთან და ა.შ. ის, რაც თვითონ იციან, არ უნდათ გაუმხილონ ქართველ ხალხს და როცა ვინმე მალავს რაღაც მონაცემებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მალავენ იმას, რაც კარგი სახით არ წარმოაჩენს ამ ორგანიზაციას. შეგახსენებთ, მაღალი რანგის დიპლომატის მხრიდან ჩემთვის ნათქვამს, რომ ნახა რა პროექტებს აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში და ის დამეთანხმა, რომ ნამდვილად ჩანს პოლიტიკური დღის წესრიგი, მიკერძოება ამ ფონდის. ამის შემდეგ როცა გასაჯაროება არ ხდება, ეჭვი დიდია, რომ აქაც მავნე პროექტებია დაფარული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.