სანდრო გირგვლიანის საქმეზე მხარეები მოსამართლის განაჩენს ელოდებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ, 12.00 საათზე სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასმართლო სხდომა გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
საქმის პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ხვალინდელი სხდომა რეპლიკის ეტაპით გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდ დრო უნდა განსაზღვროს. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი ხვალვე დადგეს. თუმცა, გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს დრო 23 ოქტომბრამდე აქვს.
გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც განხილვები სრულდება, ამ ეტაპისთვის ბრალდებულია სამი პირი: ვანო მერაბიშვილი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია. ამავე საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაია, თუმცა მისი საქმე საბერძნეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმეზე ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელსაც აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.