დავით მათიკაშვილი: საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას მანამ, სანამ არ მოხდება ღირსეული დამოკიდებულების აღდგენა ჩვენი ქვეყნისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ბუნებრივია, არ გავაგრძელებთ

“ყველაზე რთული სანახავი ის არის, თუ როგორ უხარიათ ქართველ მოღალატეებს საქართველოს დაზიანების რაიმე შემთხვევა. ეს საზოგადოებამ კარგად იხილა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს რადიკალი ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების ქმედებებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მანამ, სანამ საპარლამენტო ასამბლეაში არ მოხდება ღირსეული დამოკიდებულების აღდგენა ქვეყნისა და მისი ხელისუფლების მიმართ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას არ გააგრძელებს.

„იმ ძალმომრეობაზე, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოხატული, ჩვენი ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ევროსაბჭოში, ვაგრძელებთ მუშაობას ამ სტრუქტურაში, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას მანამ, სანამ არ მოხდება ღირსეული დამოკიდებულების აღდგენა ჩვენი ქვეყნისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ბუნებრივია, არ გავაგრძელებთ. ეს არის უღირს ქმედებებზე ჩვენი პასუხი.

ალბათ, ყველაზე რთული სანახავი ის არის, თუ როგორ უხარიათ ქართველ მოღალატეებს საქართველოს დაზიანების რაიმე შემთხვევა და ეს საზოგადოებამ კარგად იხილა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს რადიკალი ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების ქმედებებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ისინი უკრაინულ დელეგაციასთან ერთად მოქმედებდნენ. მძიმეა, როდესაც მეგობარი, ომში მყოფი ქვეყანა ახერხებს და დროს პოულობს იმისთვის, რომ საქართველოს დაზიანებაში ქართველ მოღალატეებს დაეხმარონ. ამას, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან სათანადო პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“. მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები