სერ რანულფ ფაინსი — მსოფლიოს უდიდესი ცოცხალი მკვლევარი

როდესაც ადამიანები მოგზაურ-მკვლევრებზე საუბრობენ, ისინი ხშირად იხსენებენ ფიგურებს წარსულიდან — მაგელანს, შეკლტონსა თუ ლივინგსტონს, თუმცა თანამედროვე სამყაროში ერთი სახელი დანარჩენზე მაღლა დგას: სერ რანულფ ფაინსი — გინესის რეკორდსმენი, „მსოფლიოს უდიდესი ცოცხალი მკვლევარი“, რომელმაც ცხოვრება გამძლეობის, გადარჩენის ზღვარზე გაატარა.

1944 წელს დაბადებულ რანულფს მამა მეორე მსოფლიო ომში მოუკლეს. მას შემდეგ ის თავგადასავლების ძიებაში გაიზარდა. მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, შეუერთდა ელიტარულ SAS-ს, სანამ სამსახურიდან გაათავისუფლეს საკმაოდ უჩვეულო დანაშაულის, კაშხლის აფეთქების მცდელობის (არაავტორიზებული სასწავლო წვრთნების ფარგლებში) გამო. თუმცა, სწორედ ეს გახდა გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში, რადგან მალევე ფაინსი ექსტრემალური კვლევებით დაინტერესდა.

პირველი ადამიანი, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა

მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა 1993 წლით თარიღდება, როდესაც რანულფი და მისი პარტნიორი, დოქტორი მაიკ სტროუდი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხით გადაკვეთეს ანტარქტიდა. ეს გახლდათ ურთულესი მოგზაურობა 1350 მილის მანძილზე, 50°C-მდე ტემპერატურის პირობებში. ამ მოგზაურობამ მათი სიცოცხლე კინაღამ შეიწირა.

საკუთარი თითების მოხერხვა

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი (და შემზარავი) ამბავი 2000 წელს მოხდა. არქტიკული ექსპედიციის შემდეგ, სადაც მკვლევარს თითები მოეყინა, ექიმებმა უთხრეს, რომ მისი მკვდარი თითების მოშორებას თვეები დასჭირდებოდა. მოუთმენელმა ფაინსმა ყველაფერი საკუთარ ხელში აიღო — ბაღის ფარდულში შევიდა და თითების ნაწილები ხერხით მოიჭრა.

ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელი, რომელიც ევერესტზე ავიდა

თითქოს, დედამიწის ყველაზე ცივი ადგილების დაპყრობა არ იყო საკმარისი, ფაინსს ყველაზე მაღალი ადგილის დაპყრობაც სურდა. 65 წლის ასაკში, მრავალჯერადი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (მათ შორის, გულის შეტევა 8500 მეტრზე), საბოლოოდ მიაღწია ევერესტის მწვერვალს და გახდა ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელი, ვინც ეს შეძლო.

მარათონიდან მარათონამდე

2003 წელს, გულის ოპერაციიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, ფაინსმა შვიდი დღის განმავლობაში შვიდი მარათონი გაირბინა შვიდ კონტინენტზე.

მიუხედავად მისი, თითქმის, ზეადამიანური მიღწევებისა, ფაინსი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავანტიურისტი. წლების განმავლობაში, მან შეაგროვა მილიონები საქველმოქმედო მიზნით და დაწერა ბესტსელერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები