თბილისის მერია: სრული სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, რომ მოზარდი რიყის პარკში, თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა – ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა”,- ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ტრაგედია კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოხდა.
“გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედურ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს”, – ნათქვამია განცხადებაში.