კახა კალაძე სპორტის რეფორმისა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფციის განხილვას დაესწრო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპორტის რეფორმისა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფციის განხილვა გაიმართა.
შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სპორტის სფეროს წარმომადგენლები, რომლებთანაც საუბარი ახალი სტადიონის აშენების საკითხს და ასევე, ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
როგორც კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილება 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ახალი სტადიონების მშენებლობის შესახებ, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდოს.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შედგა შეხვედრა ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ვეტერანი მორაგბეები, ფეხბურთელები, სპორტული ჟურნალისტები და ავუხსენით, თუ რა პროექტი ხორციელდება. ეს იქნება მულტიფუნქციური საერთაშორისო დონის მაღალი კლასის სტადიონი, სადაც შესაძლებელი იქნება „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის ჩატარება. უახლოეს მომავალში უშუალოდ პროექტზე მუშაობა დაიწყება. სტადიონი 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება.
გარდა ამისა, პარალელურად დაგეგმილი გვაქვს რეგიონებში, რაიონებსა და ქალაქებში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს წაადგება იმისთვის, რომ წარმატებული სპორტსმენები გახდნენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.