აკაკი საღირაშვილი 6-მილიარდიან ინვესტიციაზე: სასიხარულოა, რომ „ემაარ ჯგუფი“ საქართველოს ბაზით დაინტერესდა
„სასიხარულოა, რომ „ემაარ ჯგუფი“ საქართველოს ბაზით დაინტერესდა. „ემაარ ჯგუფი“ მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს,“ – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არქიტექტურული კუთხითაც სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ელოდონ.
„მსოფლიო მასშტაბით, დეველოპერული სექტორი თუ სადმე წარმატებულია, ცხადია, პირველ რიგში თავში აზრად მოგვდის დუბაი და ზოგადად – ემირატები. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ბრენდული სახელი სწორედ „ემაარ ჯგუფი“ გახლავთ და სასიხარულოა, როდესაც აღნიშნული კომპანია საქართველოს ბაზით დაინტერესდა. ის მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს. არქიტექტურული კუთხითაც ვფიქრობ სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ. ეს იქნება უცხოური ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და დასაქმებისთვისაც კარგია. ეს ასევე ქვეყნის ცნობადობასაც აამაღლებს“, – აღნიშნა საღირაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია – დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, – თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.