“პოლიტიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების განწყობა ქვეყნის მომავლისადმი, სტაბილიზაციისადმი ძალიან პოზიტიურ ტრენდშია”- ცუცქირიძე 6 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ შეთანხმებაზე 

“პოლიტიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების განწყობა ქვეყნის მომავლისადმი, სტაბილიზაციისადმი ძალიან პოზიტიურ ტრენდშია”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას 6 მილიარდი  დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ინვესტიციის მოცულობა უპრეცედენტოა.

“საუბარი იყო, რომ ინვესტიციების მაჩვენებელი მესამე კვარტალში შემცირდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ახლა მოხდა. საერთოდ, არჩევნებამდე პერიოდში, მით უმეტეს, როცა ამ პერიოდის თანამდევი გარკვეული პროტესტია ხოლმე, ინვესტორებს გარკვეული სიფრთხილე ახასიათებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდგომ ინვესტორი რა გადაწყვეტილებას იღებს, ანუ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა როგორ ფასდება.  საქართველოს მთავრობასა და აბუ-დაბის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიას შორის   უპრეცედენტო შეთანხმება ვნახეთ, რომელიც არის არა რაღაც უბრალოდ ცნობილი დეველოპერული კომპანია, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელსაც საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს  დაწესებული, ხარისხს ვგულისხმობ. ამ ინვესტიციის მოცულობა, 6 მილიარდზეა საუბარი, უპრეცედენტოა. ასეთი  დიდი ინვესტიცია საქართველოში არათუ ერთჯერადი, ერთი ინვესტორის მიერ არ შემოსულა, არამედ ბოლო წლებში  რომ გადავხედოთ, ჯამშიც კი არ იქნება 6 მილიარდის ინვესტიცია შემოსული. ბოლო 3-4 წელიწადს ვგულისხმობ, როცა ეკონომიკის  მაღალი ზრდა გვქონდა. რას ნიშნავს ეს  – პოლიტიკურად ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების განწყობა ქვეყნის მომავლისადმი, სტაბილიზაციისადმი ძალიან პოზიტიურ ტრენდშია. ინვესტორები აქ არანაირ არეულობას, დესტაბილიზაციას, ან ხელისუფლების ცვლილებას არ ელოდებიან, სხვა შემთხვევაში არცერთი ინვესტორი ამხელა თანხას ქვეყანაში არ დააბანდებს. ე.ი. მოლოდინი პოზიტიურია. როცა ინვესტიციების მოცულობა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების მომავალი პერსპექტივა მხოლოდ პოზიტიური შეფასებისაა. ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია პოლიტიკურ ჭრილში. ასე უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ჭრილში შეფასებას – როცა ამხელა ინვესტიცია შემოდის, თუნდაც ერთ დარგში ამას თავისებური სინერგიის ეფექტი  ყოველთვის აქვს ხოლმე. ეს ეფექტი ერთი დარგიდან სხვა დარგებზე გადანაწილდება. მშენებლობა  ეკონომიკის სხვა დარგებთანაცაა  დაკავშირებული. თუნდაც ტურიზმთანაა დაკავშირებული, თუ საუბარია სასტუმროების ქსელზე, მულტიფუნქციურ დაგეგმვაზე, ეს მომავალში ტურისტული ინფრასტრუქტურის ბუნებრივი ნაწილი ხდება”- განაცხადა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, 6 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ შეთანხმების თაობაზე 2 დღის წინ გახდა ცნობილი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია – ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში”- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები