პარლამენტის განათლების კომიტეტს სამინისტროს ინიციატივებზე შენიშვნები აქვს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, კანონმდებლებს ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ, თუმცა, იმედს იტოვებს, რომ მისი გამოსწორება მოხდება. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში არ ეთანხმებინ სამინისტროს გადაწყვეტილებას მასწავლებელობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით.
„სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მასწავლებელს უფლება-მოვალეობა შეუჩერდეს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაშიც არ ვეთანხმებით და ვერც დავეთანხმებით. თუ პედაგოგმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყევეტია და არა სამინისტროსი. ამიტომ, სამინისტროს ვთავაზობთ, პედაგოგს უფლებამოსილება კი არ ჩამოერთვას, შეუჩერდეს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. არასწორია, ადამიანს ჩამოერთვას მასწავლებლობის უფლება მაშინ, როდესაც ისიც კი არაა დამტკიცებული, თუ რაში მდგომარეობს მისი დანაშაული“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესულია ცვლილებები ზოგადი განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. არსებულ ვარიანტს არც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ეთანხმება. საკითხის განხილვისას შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის წარმოდგენილი ვარიანტით დირექტორთა არჩევა ფიქტიური ხდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე კი მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემაზე პარლამენტის წევრების შენიშვნებს არ იზიარებს და დეპუტატების განცხადებებს არაკომპეტენტურს უწოდებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ ხელმძღვანელებმაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ზოგადი განათლების კანონში განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი ინიციატივების დამტკიცება პედაგოგთა დისკრიმინაციის დაკანონებას.