“ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა – საწყობში გაჩნდა ცეცხლი” – რას ამბობენ მოქალაქეები ლილოს ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით
ლილოს ბაზრობაზე ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ამის შესახებ მოქალაქეები ჟურნალისტებთან აცხადებენ.
ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, ხანძარი სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩნდა.
“დაშავებული არავინ არ არის. დაზარალებულია მეპატრონე, საწყობი ვისიცაა. ტანსაცმლის საწყობები, ნაძვის ხეები და ხელოვნური ყვავილები იყო. სასაწყობე ადგილია”,- ამბობს მოქალაქე.
კიდევ ერთი მოქალაქის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები დროულად მივიდნენ.
“ძირითადად ნაძვის ხეებს წაეკიდა სავარაუდოდ და მერე გავრცელდა. მეხანძრე-მაშველები მალევე მოვიდნენ”,- აცხადებს მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი 5 000 კვადრატულ მეტრამდეა გავრცელებული. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არსებული ინფორმაციითვე, ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.