Emaar ჯგუფის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი – მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის, ჩვენს მიერ საქართველოში ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 6 მლრდ დოლარი იქნება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მრავალმხრივ გავლენას იქონიებს
მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის, ჩვენს მიერ საქართველოში ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 6 მლრდ დოლარი იქნება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მრავალმხრივ გავლენას იქონიებს, – ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ითვალისწინებს.
Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი დიდ გავლენას იქონიებს ქვეყანაში როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
„ასეთი მასშტაბური პროექტების გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე უზარმაზარია. როგორც წესი, ასეთი პროექტების შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2-4 %-ით იმატებს ხოლმე; მას გავლენა აქვს დასაქმებაზეც როგორც მშენებლობის ფაზაში, ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც, რადგან ხდება კონტრაქტორების, არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერების, მომწოდებლების ჩართვა აღნიშნულ პროცესში. ბიზნესის კეთების პროცესში არა მხოლოდ ცოდნას ვიღრმავებთ, არამედ მოწინავე ეკოლოგიურ პრაქტიკას ვიცავთ. ახლა ხომ ცოდნის გაზიარების და გარემოს დაცვის ეპოქაა! ვუფრთხილდებით ხეებს, ჩიტებს, წყალს; თან ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ყოველივე ეს გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სახელმწიფო შემოსავლებზე, რადგან მეტი გადასახადის მობილიზება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში; ხალხის საქმდება და სარგებელს ყველა გრძნობს. ამდენად, მშპ-ს ჭრილში 3+ იქნება მატება. არ დაგვავიწყდეს ამ პროექტის გავლენა ტურიზმის სფეროზე. უზარმაზარი იქნება ისიც! ჩემს დუბაის სავაჭრო ცენტრს 110 მლნ ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ამ რაოდენობის მომხმარებელი დუბაისთვისაც დიდი მაჩვენებელია,”- აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.