სოფლებში ქუჩებს სახელწოდებები მიენიჭა
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში ზღვის პირას, ცენტრალური ტრასიდან 50 მ-ში მდებარე უსახელო ქუჩის მონაკვეთს ირაკლი შაფაქიძის ქუჩა ეწოდა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო ქიმიის ქუჩას კი – თორნიკე ხვედელიძის ქუჩა. ხაშურის მუნიციპალიტეტში ქვიშხეთის ქუჩას სახელწოდება არ შეეცვლება, თუმცა, ნუგზარ ლომინაძის ქუჩა სხვა უსახელო ქუჩას ეწოდება. ასპინძის მუნიციპალიტეტში, ტოლოშის ტერიტორიული ორგანოს სოფელ გულსუნდში N1 ქუჩას შოთა რუსთაველის ქუჩა ეწოდება, N2-ს კი – ვარძიის ქუჩა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემის ქუჩებს (N1-18), კომისიის გადაწყვეტილებით, ეწოდება: ზვიად გამსახურდიას, მიხეილ ნადარაიას, გიორგი ჭყონდიდელის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, იაკობ გოგებაშვილის, ჟიული შარტავას, ნიკო ფიროსმანის, დავით გურამიშვილის, წმინდა ნინოს, ნოდარ დუმბაძის, აკაკი წერეთლის, მშვიდობის, ალექსანდრე ყაზბეგის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას და ეგნატე ნინოშვილის ქუჩები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული ჯარისკაცის – გიორგი ანწუხელიძის ქუჩის სახელს ატარებს ახმეტის ცენტრალური ქუჩა და ქვემო ალვანში მდებარე კულტურის სახლი. თვითმმართველ ერთეულებს წარმოდგენილი სხვა წინადადებების ერთი ნაწილის დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო კომისიის მხრიდან უარი ეთქვა, ხოლო რამდენიმე ქუჩის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, უახლოეს სხდომამდე გადაიდო.