გიორგი ქადაგიძე: კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ

კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდებათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ქადაგიძის განმარტებით, ეს შეზღუდვები მთლიანად არაპროფილურ ბიზნესს შეეხება და არ არის საუბარი მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებზე.
“დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც უკავშირდება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობას, ეს დიდი ხნის თემაა და ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია, რაც საუბარი მიდის. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ. გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმას, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებს და დეველოპერულ კომპანიებს შორის იყოს ამოწურული და, შესაბამისად, მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით. არავინ არ აუკრძალავს არც ერთი ბანკის აქციონერს, განახორციელოს ინვესტიცია სხვა ინდუსტრიაში, რა ინდუსტრიაც არ უნდა იყოს ეს, ჩვენი მთავარი ამოცანა და მკაფიო ბარიერი იქნება, რომ მეანაბრეების თანხები არ იქნას მიმართული ისეთ სექტორზე, რომელიც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები