ეკონომისტი ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ ლარის მეტად გაუფასურებას არ ელოდება, – ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
“დღეს რა სურათიც გვაქვს და იმით, რაც ბოლო 4-5 თვეში ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორზეც მანამდე არ ყოფილა. იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც ლარი კურსი უფასურდება არა მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით და უფასურდება აჟიოტაჟური, ან ცრუ მოლოდინების შექმნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ბაზარზე ხელოვნურად მყისიერად ერევა და იჭერს იმ წონასწორულ ნიშანს, რომელიც ბუნებრივ მოცემულობაში უნდა იყოს. მე ლარის მეტ გაუფასურებას არ ველოდები, ერთი მხრივ, როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკის სიძლიერიდან გამომდინარე და მეორე მხრივ, რაც აღვნიშნე – ეკონომიკის მოსალოდნელი გაუმჯობესების, გაჯანსაღების პირობებია. თუ გვაქვს, ერთი მხრივ, კარგი ეკონომიკური სურათი, რაც ბოლო 3-4 წელია ჩამოგვიყალიბდა, ამ ტრენდეზე ვართ, მეორე მხრივ, ვხედავთ, გვაქვს ძლიერი ეროვნული ბანკი თავისი მონეტარული პოლიტიკით, ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვთქვათ – ლარის კურსი მომავალშიც სტაბილური იქნება”, –
განაცხადა ანგურიძემ. ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8448 ლარია.