ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავა.
არსებული ინფორმაციით, მან სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ფოიერვერკი ისროლა.
როგორც სამხარეო პოლიციის უფროსმა, გურამ ზესაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
დაკავებული აქტივისტი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და მასთან რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლობის იურისტი შევა.