დავით მათიკაშვილი – როცა ცდილობ პოლიციელს მხარზე სტიკერი დააკრა, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსანს სახეში სილას ულაწუნებ, ვინც არ უნდა იყო, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს უნდა დაელოდო

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„როცა ცდილობ პოლიციელს მხარზე სტიკერი დააკრა, ხოლო პოლიციის მაღალჩინოსანს სახეში სილას ულაწუნებ, ვინც არ უნდა იყო, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს უნდა დაელოდო – ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე პოლიციის მხრიდან არის ადეკვატური პასუხი. ყველა ქმედება, რომელიც პოლიციის მხრიდან განხორციელდა, იმ ნაბიჯების ადეკვატური პასუხი იყო, რაც ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეების მხრიდან ხდებოდა – გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ დანაწესს არ უნდა არღვევდეს” – აცხადებს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, ქართველი პოლიციელების ქმედება ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროპის შემთხვევაში ხდება.

„ბათუმში მიმდინარე აქციის დროს არაერთი ნაბიჯი ვნახეთ, როცა პოლიციელის შეურაცხყოფას, მასთან ფიზიკურ შეხებას ცდილობდნენ, რასაც მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევთ. პოლიციელის ყველა ქმედება იმის ადეკვატური პასუხი იყო, რაც ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეების მხრიდან ხდებოდა.

ქართველი პოლიციელების ქმედება ბევრად უფრო რბილი და ჰუმანურია, ვიდრე ევროპის ქვეყნების შემთხვევაში გვინახავს, როცა მომიტინგეებს ძაღლებს უქსევენ და ცხენებით თელავენ მათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები