მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილზე: მე მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მას შეუძლია თქვას, რომ ის არის მუსოლინი ან ჰიტლერი
საქართველოში არის სხვა რეალობა. მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში, საბედნიეროდ, დასრულებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა პოლიტიკური გეგმა შეიძლება ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ კვლავ პრეზიდენტია.
„მე მის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ. მას შეუძლია თქვას, რომ ის არის მუსოლინი ან ჰიტლერი იმიტომ, რომ მისი და მისი მეგობრების მოქმედებები ძალიან ემსგავსება მათ მოქმედებებს. უბრალოდ, საბედნიეროდ, მსგავსი ძალაუფლება არ გააჩნიათ, თორემ ნებისმიერი რაღაც შეუძლია დაუძახოს თავის თავს. ეს მისი ნებაა. თავისუფალია გადაწყვეტილებებში. საქართველოში არის სხვა რეალობა. მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში, საბედნიეროდ, დავამთავრეთ და ეს დაამთავრა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა გუნდმა 2012 წელს. კიდევ უფრო დაღვინდა ეს სიტუაცია და მოდელირებული რეალობები საქართველოში, საბედნიეროდ, დასრულებულია, ამიტომ ვერც სალომე ზურაბიშვილი, ვერც სხვა რიგითი „ნაცი“ ამ რეალობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევრის და სტიპენდიატის როლს.
„ეს მან ოფიციალურადაც დაირქვა. სამი კვირაც კი ვერ მოითმინეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტში არ გაფორმებულიყო, იმ ორგანიზაციაში, რომელშიც მსხვერპლზე დარდობდნენ, რომ არ იყო მსხვერპლი მიმდინარე აქციების დროს. წარმოიდგინეთ, რას უშვრებიან. ხომ შეიძლება ეთხოვა, რომ მაკკეინის ინსტიტუტში ნუ გამაფორმებთ სხვა მხრიდან მომეცით რაღაც სტიპენდია, ხელფასი იმისათვის, რომ არ გაახსენდეთ ქართულ საზოგადოებაში მაკკეინის ინსტიტუტი სულ რაღაც 2-3 კვირის წინ რას დარდობდა და რას ჯავრობდა, რომ მსხვერპლი არ იყო. ეს ხომ შეიძლებოდა, მაგრამ არა, მას უთხრეს, რომ შენ აქედან მიიღებ სტიპენდიას, აქ იქნები ანგარიშვალდებული და მან თქვა, რომ დიახ, აქ ვიქნები ანგარიშვალდებული და გახდა მაკკეინის ინსტიტუტის, არა სხვისი, არამედ სწორედ ყველაზე რადიკალური მაკკეინის ინსტიტუტის რიგითი სტიპენდიატი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა.