მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმე თანამედროვე სამყაროში გაბედავს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ილაპარაკებს, ყველას რუსს ეძახიან
ანტირუსული მოგონილი ისტერია, რომელიც დაჯერებულია ვიღაცების მიერ არ არის მხოლოდ საქართველოში, თუკი ვინმე თანამედროვე სამყაროში გაბედავს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ილაპარაკებს, ყველას რუსს ეძახიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.
„მთავარ მიზანზე ვისაუბროთ, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს იმ დეტალების შესახებ, რაც ერთის მხრივ იმ გლობალურ პოლიტიკაში და შემდეგ მის ანარეკლში, შიდა პოლიტიკაში ხდება, საქართველოში. ეს რაღაც ვითომ ანტირუსული, რუსთაველზე რომ რუსეთს ებრძვიან, მოგონილი ისტერია, საიდანღაც მოტანილი და დაჯერებული ვიღაცების მიერ, არ არის მხოლოდ საქართველოში და არ არის მხოლოდ ქართული აგენტურის მიმართ დავალება. თუკი ვინმე თანამედროვე სამყაროში, ცივილიზებულ სამყაროში გაბედავს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ილაპარაკებს, ყველას რუსს ეძახიან. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ჩვენთან ამას ზედმეტ-ნაკლები წარმატებით იმ აგენტურის წარმომადგენლები, რომლებიც გარედან, როგორც არაერთხელ ვთქვი ეს უკვე, საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, Deep State-დან და ზოგადად გარე ძალებიდან იმართებიან, ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. თქვენ ნახეთ ხომ მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში რა ხდება და ბევრი სხვა ქვეყნის შემთხვევაში, სადაც ვინმემ გაბედა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და უპირატესად და უწინარესად დღის წესრიგში დააყენა პირველად საკუთარი ქვეყნის ინტერესები, ყველას ეძახიან პუტინის მოკავშირეს, რუსს. ეს ბევრი ქვეყნის პრობლემაა და მათ შორის საქართველოშიც ე.წ. ტრენდი იქმნება და ამის შექმნის მცდელობაა, მაგრამ ამ დროს უნდა ვხედავდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც მართავდნენ ამ ქვეყანას ავანგარდში დგანან, ხომ ვითომ აქციებს არ ჰყავს ლიდერი, ვამბობდით და ამაზე გვამუნათებდნენ, რომ როგორ? ესენი დამოუკიდებელი ადამიანები არიან, თავისით გამოდიან. მერე ვნახეთ, რომ „ენჯეოდან“, კონკრეტული პარტიებიდან, რომლებსაც ახლოს, ამ აქციების მიმდებარე ტერიტორიასთან ჰქონდათ ოფისი აღებული, ამარაგებდნენ სხვადასხვა საშუალებით იმ ძალადობრივ აქციებს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფოს მიერ პრევენციული მოქმედებების შედეგად დასრულდა და ახლა გადაიქცა მშვიდობიან აქციებად ხომ? და მართლაც მშვიდობიანია. როცა არის მშვიდობიანი, ამას ჰქვია მშვიდობიანი და როდესაც ესვრიან ცეცხლს, პიროტექნიკას და ქვებს პოლიციელებს, ის არ არის მშვიდობიანი. მერე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი, დიდი, ჩვენზე ძლიერი ქვეყანა ჯერჯერობით მაგალითად, გერმანელები აღმოჩნდნენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, გერმანიის ბიუროკრატია, რომელიც აკრიტიკებდა საქართველოს, რომ თურმე აქ მშვიდობიანი აქცია ყოფილა და გადაზედმეტებულ ძალას იყენებდნენ პოლიციელები, თავად აღმოჩნდნენ ანალოგიურ სიტუაციაში და გერმანიაში თურმე პოლიციელისათვის მიშვერა, არ ვაზედმეტებ, მათი განცხადებებიდან გამოვდივარ, ეს არის სასტიკი, საშინელი დანაშაული, მაგრამ ჩვენთან სახეში სროლა ამ პიროტექნიკის, ცეცხლის ეს არაფერია, მშვიდობიანობაა თურმე. ამიტომ უნდა დაფიქრდეს ყველა, სანამ რაიმე განცხადებას საქართველოს საწინააღმდეგოდ გააკეთებს, მერე არ მიუბრუნდეს და თავად, თავისივე ნათქვამის საწინააღმდეგო განცხადებები არ ჰქონდეს გასაკეთებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ანტიქართულ ქმედებებსა და ნაბიჯებზეა საუბარი, რომელსაც “ქართული ოცნება” უცხო ძალებს უკავშირებს. ამ კონტექსტში განცხადებაში საუბარია Deep State-ზე. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით მოქმედებს, რაც დასავლელი პარტნიორების კონკრეტული ჯგუფების გაღიზიანების მიზეზია.