მამუკა მდინარაძე: თავად ზელენსკიმ, ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, რომ ათეულობით მილიარდი დოლარის მითვისებაში დაედანაშაულებინა „დიფ-სთეითი“ და სხვადასხვა კორპორაცია – ეს არის სკანდალი

როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საკუთარი მავნებლობები ბოლოსკენ წაიყვანა და რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ახლა გადაწყვიტა ზელენსკიმ, რომ კორუფციასა და ფინანსურ ინტერესებზე ესაუბრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ზელენსკის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„რამდენიმე თვის წინაც ვერ წარმოიდგენდით, რომ უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში კორუფციაზე ისაუბრებდა და იმ მასშტაბის კორუფციაზე, როდესაც უკრაინას თავად ჰქონდა თვითმფრინავები, რომელსაც შეეძლოთ გადაეზიდათ შესაბამისი ტვირთი უკრაინაში. ადამიანი ამბობს, კორპორაციები არ მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ საკუთარი თვითმფრინავებით გადმოგვეზიდაო, იმდენად დიდ ფინანსურ ინტერესებზე იყო საუბარიო. დამერწმუნეთ, საქართველოში არცერთი ნაცმედია ამას არ აშუქებს და იმიტომ არ აშუქებს, რომ ახლა პრეზიდენტი არის ტრამპი და ზელენსკი ცდილობს, რომ ძველ ადმინისტრაციას გადააწეროს ეს ცოდვები, რომელიც რეალურად „დიფ-სთეითისგან“ მომდინარეობდა. ადამიანი 90 მილიარდ დოლარამდე თანხაზე საუბრობს და ჩვენ როდესაც ფინანსურ ინტერესებზე ვსაუბრობდით, გახსოვთ როგორ გვამუნათებდნენ.

თავად ზელენსკიმ, ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, რომ ათეულობით მილიარდი დოლარის მითვისებაში დაედანაშაულებინა „დიფ-სთეითი“ და სხვადასხვა კორპორაცია. ეს არის სკანდალი, რომლის შესახებაც ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის წარმომადგენლების ამომრჩეველმა არაფერი იცის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები