მამუკა მდინარაძე – „ნაცმოძრაობაზე“: თუკი თავისი სახელი არ დავარქვით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გავწიროთ იმისთვის, რომ აღმოჩნდნენ ინფორმაციული ფეიკკამპანიების მსხვერპლი
რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებას, ყველა დაპირებას, რომელიც დაკავშირებულია საქმიანობასთან, რაც არ არის მიბმული საკონსტიტუციო უმრავლესობასთან, ბუნებრივია ჩვენ ამ დაპირებების შესრულებაზე უარს არ ვიტყვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის საქმიანობას შეისწავლის.
მისი თქმით, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანიც სწორედ ესაა.
„ეს არის ცალკე აღებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თუკი ჩვენ არ შევაფასეთ და თავისი სახელი არ დავარქვით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გავწიროთ იმისთვის, რომ შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის, ბულინგის, ინფორმაციული ფეიკ კამპანიების მსხვერპლი. ასაკის გამო ბევრ ადამიანს არ ახსოვს, ან ემოციურ დონეზე არ გვახსოვს შეიძლება ის წლები, რომლის დროსაც გარედან ვიღაცები, ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდები, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და სინამდვილეში ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, ბიზნესებს ღამე ნოტარიუსებთან დაბარებით ათმობინებდნენ და პროკურატურის და სხვა უწყებების საშუალებით ემუქრებოდნენ თუ ასე არ მოიქცეოდნენ და ციხეში პატიმრებს რას უშვრებოდნენ ამაზე აღარ გავაგრძელებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ზუსტადი ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმი.
„ავტორიტარულ რეჟიმზე საუბრობენ დღეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამ დროს ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ ომის დანაშაულს რუსეთის სასარგებლოდ აბრალებდნენ საკუთარ სამხედროებს, ომის დაწყებას უღიარებდნენ რუსეთს. რუსეთს ხმას აძლევდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხმა სჭირდებოდა ამის გაკეთებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა არიან ადამიანები, ვინც ფეიკინფორმაციის მსხვერპლი გახდა და „დაიჯერა რაღაცები“, რეალურად კი ეს ადამიანები დგანან იმ რეჟიმის ორგანიზებულ აქციაზე, რომლებიც საშინელ დანაშაულებს სჩადიოდნენ.
„ამას თუ სახელი არ დაერქვა, ბევრი საშუალება ექნება წინა რეჟიმის წარმომადგენელს, რომ საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს. რეალურ ევროპელობას, რეალურ ღირებულებებს დაუპირისპირდეს და ეს შეფუთოს ევროპელობის სახელით, დემოკრატიის სახელით და ამ დროს ის იყოს იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც მკვლელობას და მათ შორის რუსეთის სასარგებლო მოქმედებებს არ ერიდებოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.