„ქართული ოცნება“: ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს
ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელშიც „დიფ სთეითის“ მოქმედებები და სანქციებია შეფასებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა.
„ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია.
ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის არ მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით – „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.
ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული”, – ნათქვამია განცხადებაში.