“ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს” – ილია მეორე

“ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

“ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო, – ხორციელი, უკვდავი, – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.

მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, – მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.

ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ”, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები