“ადამიანი ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსებაა” – ილია მეორე
“გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, – უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები … ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
“მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს, და ძალუძს, შეიყვაროს იგი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.
მხოლოდ ადამიანი ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
ღმერთმა იგი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი.
ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით.
როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო.
სინამდვილეში კი, ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე”, – ნათქვამია ეპისტოლეში.