საქართველოს კონტექსტში, თუნდაც გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმული პოზიციები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის, თურმე, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა გერმანიაში, საქართველოში ეს არის სამშვიდობო ხასიათის აქცია, – ასე ეხმიანება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე გერმანიაში, ახალი წლის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე გერმანიის ელჩის განცხადებას.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მიზანმიმართულ, ორმაგი სტანდარტების შემცველ განცხადებებზე და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ლიბერალური ძალებისთვის მიუღებელია ქვეყნის და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა საქართველოში, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა და ეროვნული ფასეულობების გაძლიერება და კიდევ უფრო მეტად განმტკიცება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, გერმანიაში ახალი წლის ღამეს მომხდარ შეტაკებას და პიროტექნიკის გამოყენებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.