გურამ მაჭარაშვილი გერმანიაში პოლიციელებზე პიროტექნიკით თავდასხმაზე და დაკავებებზე: როდესაც შენ უსამართლოდ იქცევი სხვის მიმართ, ეს აუცილებლად დაგიბრუნდება ბუმერანგივით უკან
ორმაგი სტანდარტი აუცილებლად დასრულდება და ამას დაასრულებს თავად ევროპული საზოგადოება, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ახალი წლის ღამეს გერმანიაში პოლიციელებზე პიროტექნიკით თავდასხმის საკითხის კომენტირებისას, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.
„როდესაც შენ უსამართლოდ იქცევი სხვის მიმართ, ბუმერანგივით აუცილებლად დაგიბრუნდება უკან და ასე დაემართა სწორედ გერმანიის ხელისუფლებას. თურმე ევროპული ღირებულებაა ის, გერმანიაში რომ ძალადობრივი აქციის მონაწილე დააკავო, 400-მდე ადამიანი დააკავეს და ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოა საქართველოში ძალადობრივი აქციის მონაწილე რომ დააკავო. მათ შორის ბატონი შოლცი რომ გამოდიოდა ბატონ მაკრონთან ერთად და 30-მდე დაკავებულ ადამიანს, ძალადობრივი აქციის მონაწილეს საქართველოში რომ ამბობდა, რომ უნდა გამოგვეშვა უკანონოდ. ახლა რატომ არ მოუწოდებენ? აი ეს ორმაგი სტანდარტი აუცილებლად დასრულდება და ამას დაასრულებს თავად ევროპული საზოგადოება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ბერლინში, 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად. ასობით პოლიციელი დედაქალაქში განათავსეს შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად. გერმანული მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით.