“ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და, რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია” – მიხეილ ყაველაშვილი

“საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ჩვენმა ჭირ-ვარამგამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ყაველაშვილის  თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა – ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო – ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია – მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით – საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს.

მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა; ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული; სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები