„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ბაქოდან რუსეთის ათ ქალაქში ფრენები შეაჩერა
„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) ბაქოდან რუსეთის 10 ქალაქში ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„აზერბაიჯანის სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, AZAL Airlines-ი საბოლოო გამოძიების დასრულებამდე, 2024 წლის 28 დეკემბრიდან, ბაქოდან რუსეთის შემდეგ აეროპორტებში ფრენებს აჩერებს: სოჭი, ვოლგოგრადი, უფა, სამარა, გროზნო, მახაჩყალა, მინვოდი, ვლადიკავკაზი, ნიჟნი ნოვგოროდი და სარატოვი“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრ იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას 32 მგზავრი გადაურჩა.