თამთა მეგრელიშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძველი უბრალოდ არ არსებობს, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური სპექტრი ატყუებს კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის სპეკულაციებს ეხმიანება.
„ცდილობს წინ ფარად ხალხი დაიყენოს. შეკრებენ ხალხის გარკვეულ მასას, დააყენებენ ქუჩაში და იტყვის, რომ ის არის ამ ხალხის პრეზიდენტი”- აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა და განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვა-ბანკზე მიდის, ორბელიანების სასახლეში დარჩენას და სანახაობის შექმნას ცდილობს. მისი თქმით, ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურად გაიზარდა, არ უნდათ ქუჩის პროცესები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან, მათ მიერ გაკეთებული არჩევანის ცნობა სურთ.
თამთა მეგრელიშვილის თქმით, აქციებზე მდგომი ხალხი სალომე ზურაბიშვილის მიერ ტყუვდება, რადგან ზურაბიშვილის ხელჩასაჭიდი ახლა რიგგარეშე არჩევნებია, რისი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.
„სალომე ზურაბიშვილი მიდის ვა-ბანკზე, ცდილობს გამაგრდეს ორბელიანების სასახლეში და სანახაობა შექმნას, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვა. ის, წინ, ფარად ხალხის დაყენებას ცდილობს. შეკრებენ ხალხის გარკვეულ მასას, დააყენებენ ქუჩაში და იტყვის, რომ ის არის ამ ხალხის პრეზიდენტი. გავიხსენოთ მისი სიტყვები, როდესაც ამბობდა, რომ არის ხალხთან, მაგრამ დგას ხალხზე მაღლა. ამ სიტყვებით უკვე ყველაფერი ნათქვამია, აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის მცდელობა, რომ შექმნას ე.წ. “კარწინკა” ალბათ, მაინც უადგილო იქნება. ამომრჩეველი პოლიტიკურად გაიზარდა, მათ არ სურთ ქუჩის პროცესები. ამომრჩეველს უნდა – მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის ცნობა კრიტიკული ოპოზიციური მასის მხრიდანაც იმიტომ, რომ პროცესები ქართულ სახელმწიფოში უნდა წარიმართოს ისე, როგორც ეს ლეგიტიმაცია მიცემული ხელისუფლების ინტერესებშია. ეს ხალხი, რომელიც ახლა ქუჩაში დგას, ტყუვდება სალომე ზურაბიშვილის მიერ. სალომე ზურაბიშვილი მთავარ პოლიტიკურ ნარატივად და ხელმოსაჭიდად აცხადებს, რომ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შესაბამისად, ის ატყუებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი უბრალოდ არ არსებობს. რეალურად, რიგგარეშე არჩევნები ინიშნება მაშინ თუ ცესკო ან სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს, რაც არ მომხდარა. ყველამ ვნახეთ, რომ ცესკოს მიერ მოხდა ამ არჩევნების შეჯამება. სასამართლოში განიხილეს არაერთი საჩივარი, მათ შორის, საკონსტიტუციოშიც და სასამართლომ დაადასტურა, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძველი უბრალოდ არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური სპექტრი, ყველა ერთად, ატყუებს კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს,”- აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.