მოზამბიკის ციხიდან, საარჩევნო პროტესტის ფონზე, 1500-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
მოზამბიკში არჩევნების შედეგებით გამოწვეული არეულობის დროს, 1 500-ზე მეტი პატიმარი ციხიდან გაიქცა,- ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
პოლიციის უფროსმა, ბერნარდინო რაფაელმა განაცხადა, რომ დაცვასთან შეტაკებისას 33 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. მისივე თქმით, დაახლოებით 150 გაქცეული მსჯავრდებული ხელახლა დააკავეს.
მოზამბიკში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც 1975 წლიდან მართავს ქვეყანას.
პოლიციის უფროსის განცხადებით, 25 დეკემბერს მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტოში მდებარე ციხესთან მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრანტთა ჯგუფები მივიდნენ. პატიმრებმა არეულობით ისარგებლეს, კედელი ჩამოანგრიეს და გაიქცნენ.
„ბიბისის“ ცნობით, აქციები მოზამბიკში უკვე სამი თვეა გრძელდება. სამთვიანი საპროტესტო აქციების დროს, სულ 150 ადამიანი დაიღუპა.