მედიაში ამ დროისთვის ავიაკატასტროფის სამი ვერსია განიხილება – ფრინველებთან შეჯახება, თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება და საზენიტო ცეცხლის შედეგად დაზიანება,- ამის შესახებ Deutche Welle წერს.
იმაზე, რომ თვითმფრინავი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის გამო ჩამოვარდა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებშიც. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისგან იყოს გამოწვეული.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ავიალაინერი გროზნოს მიუახლოვდა, იქ საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და უკრაინული დრონების მოგერიება მიმდინარეობდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ცეცხლი შეცდომით გაუხსნეს. ოფიციალური ვერსიით, Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი გროზნოს აეროპორტმა ნისლის გამო არ მიიღო და ის აქთაუში გადაამისამართეს.
ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავი ორად გადატყდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილები თვითმფრინავის უკანა ნაწილში იმყოფებოდნენ, წინა ნაწილი კი მთლიანად დაიწვა.