აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სირიაში ISIS-ის წევრებზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სირიაში დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებზე იერიში მიიტანა.
როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, მათი მაღალი სიზუსტის იერიშის შედეგად, განადგურდა იარაღებით სავსე სატვირთო მანქანა, დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი ტერორისტი.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, იერიში მიიტანეს ტერიტორიაზე, რომელსაც წარსულში ბაშარ ალ-ასადის ძალები და რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მიზანია, ტერორისტებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ თავდასხმების ორგანიზების საშუალება არ მისცენ.
მას შემდეგ, რაც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა გაიმარჯვეს, აშშ-ს იერიშები მიაქვს ISIS-ის ობიექტებსა და წევრებზე, რათა დაჯგუფებამ არსებული გარდამავალი სიტუაციით არ ისარგებლოს.