ნორლანდი დაინტერესდა, რას უპასუხებს მარგველაშვილი ვაშინგტონელ სკეპტიკოსებს
მაინტერესებს, როგორ მიიღებთ ვაშინგტონში მყოფი ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრებას, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი, ვიდრე – მომავლით?, – ამ კითხვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე მიმართა.
“როდესაც დაიგეგმება პრეზიდენტის რანგში თქვენი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, რაც ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მოხდება, მაინტერესებს, როგორ მიიღებთ ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრებას, რომლებიც კვლავ არიან ვაშინგტონში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი, ვიდრე – მომავლით?”, – მიმართა ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტს.
აღნიშნულზე გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, – “ამერიკელი და ევროპელი მეგობრების შეწუხება ჩვენი გამოწვევაა”.
“ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ვდგავართ რამდენიმე გამოწვევის წინაშე და ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელთაც, მართლაც, ბევრი გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში; შეწუხებული არიან ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს.
მეორე, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ეს ღია დისკუსიის გზით და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი არჩევნების დღეს სრულდება. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი – მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური დევნას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მეორე სიმართლე ისაა, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა განსაკუთრებულ კრიმინალურ საქმეებზე თავიანთი სამუშაო უნდა შეასრულონ და ეს საქმეები პოლიტიკური პოზიციის გარეშე განიხილონ.
“საბოლოოდ, ჩემი მიზანია, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო ამ პროცესის მონიტორინგში. ჩემი მიზანია, ამ დიალოგში ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ჩავრთო. მინდა, რომ ამ დისკუსიაში უფრო მეტი პოლიტიკოსი ჩაერთოს. სხვათა შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, მართლაც, უცნაური მოსაზრება მოვისმინე, რომ ეს საქმეები მე გადმომაბაროს, მაგრამ ვპატიობ ამას. ვფიქრობ, ეს ძალიან გამოუცდელი, არაპროფესიონალური მიდგომაა მართლმსაჯულების საკითხებთან მიმართებაში. მჯერა, ქართული საზოგადოება ამ ყველაფერის გავლას შეძლებს და უფრო ძლიერი, დემოკრატიული საზოგადოება გახდება. ეს იქნება მტკივნეული პროცესი, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.