ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩანიშნული მქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში – უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები
”დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში – უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები”,- ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძე განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზსაც განმარტავს.
“ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:
ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს;
ბ) უნდა შედიოდეს ციხეში, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს;
გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს;
მით უმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები;
მით უმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი;
მით უმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა;
სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება
პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ”,- წერს ჯაფარიძე.