76 წლის მამაკაცს ჯერ თევზის ნახარში გადაესხა, შემდეგ კი შეშის ღუმელზე დავარდა
ორმაგი დამწვრობის პირველი შემთხვევა დამწვრობის ცენტრში. 76 წლის მამაკაცს თავდაპირველად ზედა კიდურები, შემდეგ კი ზურგი მთლიანად დაეწვა – ამის შესახებ „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა მცხეთის რაიონში მოხდა.
„76 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში თევზს ხარშავდა და მოულოდნელად თევზის მდუღარე ნახარში ხელებზე (ზედა კუდურებზე) გადაესხა. დამწვრობა იმდენად ძლიერი იყო, რომ გაოგნებული მოხუცი, იქვე სახლში შეშის ღუმელს ზემოდან დაეცა და ზურგი მთლიანად დაეწვა“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, პაციენტს კლინიკაში მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმე იყო. როგორც ქაშიბაძემ „კვირას“ განუცხადა, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილური გახდა და იგი რეანიმაციის განყოფილებიდან დღეს პალატაში გადაიყვანეს.
იზა შაქარაშვილი