აქციაზე დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

21 წლის პაციენტი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაწყებულია პაციენტის სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი.

„სამედიცინო დაწესებულებაში გუშინდელი აქციისას დაშავებულები არ შემოუყვანიათ. გუშინდელმა დღემ ამ თვალსაზრისით მშვიდობიანად ჩაიარა. რაც შეეხება ჩვენი სტაციონარული პაციენტების მდგომარეობას, გეტყვით სიმძიმის მიხედვით. ყველას ყურადღების ცენტრშია 21 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანების თაობაზე უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი. დაწყებულია სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჯეროვნად, თუმცა გართულებებისგან არავინ არის დაზღვეული. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ყველაფერი კეთდება, რომ ნებისმიერი ასეთი მოსალოდნელი გართულებების პრევენცია მოხდეს. თავიდანვე რეანიმაციაში იყო შეყვანილი და მისი ამჟამინდელი მდგომარეობაც კვლავ რეანიმაციაში ყოფნას მოითხოვს სრული გამოღვიძების პროცესის დასრულებამდე. ბუნებრივია, გამოღვიძების შემდგომაც მისი მდგომარეობა საყურადღებო იქნება და მოითხოვს მულტიდისციპლინირებულ მართვას, რაც უპრიანია სწორედ რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები