“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” ე.წ. “ოდეერებთან” დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” ე.წ. “ოდეერებთან” დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. მასში მოხვდნენ: ზაზა მაზმიშვილი, ვლადიმერ ბუნტურიძე და ზაზა მალუძე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ზაზა მაზმიშვილი, რომელსაც თანამშრომლები “გენერალს” ეძახიან, დღესაც კომუნიკაციების კომისიაში თავმჯდომარის მრჩევლის პოსტზე მუშაობს.
“ის კვლავ განაგრძობს თანამშრომელთა გამოკითხვას მათი საქმიანობის შესახებ და სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებას. მისი ანაზღაურება ხუთი ათასამდე ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზაზა მაზმიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რომელიც 2013 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე იყო განთავსებული, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი აღარ არის”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე შედეგებით, გარკვეული დროის განმავლობაში ვლადიმერ ბუნტურიძეც იმავე სამმართველოში მუშაობდა, სადაც – ზაზა მაზმიშვილი.
ბუნტურიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, განსხვავებით სამმართველოს სხვა თანამშრომლებისგან, იძებნება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.
“შევსებული დოკუმენტის თანახმად, მან 2013 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური, მუშაობდა კერძო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაცვის უფროსად, იკავებდა შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიციას. ბოლო მონაცემებით კი ვლადიმერ ბუნტურიძე 2013 წლიდან დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე მუშაობს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიაში ფარული მიყურადების ამსახველი ვიდეომასალის აღმოჩენის შემდეგ გამოთქვა ეჭვი, რომ ვლადიმერ ბუნტურიძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა: ვლადიმერ ბუნტურიძის სახელი ფიგურირებდა ასევე ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სახით 38 390 ლარი მიიღო. იმ პირთა უმეტესობის შესახებ, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს, სადაც ზაზა მაზმიშვილი და ვლადიმერ ბუნტურიძე მუშაობდნენ, უფროსის ან მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდნენ, საჯარო წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა გამონაკლისია ზაზა მალუძე, რომელსაც 2013 წლის 14 მარტს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის მარტში ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, რომ მას პროკურატურისა და ფინანსური პოლიციიის მაღალჩინოსნები აიძულებდნენ “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხების გადარიცხვას. შოშიაშვილმა პროკურორი ზაზა მალუძე დაასახელა იმ პირებს შორის, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეს პირი ისევ შსს-ს თანამშრომელია. “ჯამპსტარტ ჯორჯიას” ვებგვერდის მიხედვით, რომელზეც საარჩევნო სიის მონაცემებია დამუშავებული (მასჰასადა.მე), საქართველოში მხოლოდ ერთი სრულწლოვანი ზაზა მალუძე არის რეგისტრირებული და ის 1965 წელს დაიბადა. ზაზა მალუძის ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ იგი 1965 წელსაა დაბადებული. 2005 წელს მალუძეს შევსებული აქვს ქონებრივი დეკლარაცია, როგორც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს. აქვე მითითებულია, რომ ის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი იყო. ეს არის ზაზა მალუძის ერთადერთი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საჯარო სამსახურის ვებგვერდზე იძებნება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მომავალშიც გააგრძელებს თემის კვლევას და საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. “ოდეერების” ყოლის შესახებ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები