2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში მოსახლეობის აღწერა 29 ნოემბრიდან კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში მოსახლეობის აღწერა 29 ნოემბრიდან კარდაკარის პრინციპით გაგრძელდება. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურად ამ მიზნისათვის  საქსტატმა 12 000-მდე ინტერვიუერი გადაამზადა. “ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით კარდაკარ შემოივლიან მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს. ინტერვიუერები პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით გამოკითხავენ ოჯახის ერთ ან რამდენიმე სრულწლოვან წევრს და ამ გზით მიიღებენ ინფორმაციას ოჯახებისა და მათ შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ. კითხვარის შევსების დრო საშუალოდ 20-30 წუთია.
მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბერს თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. თვითრეგისტრაცია 28 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.  აღნიშნული მეთოდით უკვე ისარგებლა 150 ათასზე მეტმა მოქალაქემ. ისინი მათთან მისულ ინტერვიუერს თვითრეგისტრაციის შედეგად მინიჭებულ კოდს წარუდგენენ, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებსაც თვითრეგისტრაცია არ გაუვლიათ, ვალდებული არიან  უპასუხონ საქსტატის ინტერვიუერის მიერ დასმულ შეკითხვებს და ამ გზით მიიღონ მონაწილეობა აღწერაში.
აღწერა თავისი მასშტაბითა და შინაარსით  წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ.
მოსახლეობის აღწერასთან ერთად ტარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რომლის ფარგლებშიც გროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. აღწერის შედეგად მიიღება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის და ფუტკრის ოჯახების რაოდენობის შესახებ.
საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (რომელიც საქართველოში დარჩენას გეგმავს 12 თვეზე მეტხანს) და მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელიც საქართველოში დარჩენას გეგმავს 12 თვეზე მეტხანს) ვალდებულია გაიაროს აღწერა.
“ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები