ხაშურში 110 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი სურამში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, 52 დევნილი ოჯახი სურამში, სანატორიუმის ჩასახლებაში, წლების განმავლობაში ურთულეს პირობებში ცხოვრობს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, დევნილების საცხოვრებელი ობიექტი ნგრევადია. აღნიშნული ოჯახები, კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელ ფართებს ხაშურში, ახლად რეაბილიტირებულ კორპუსებში მიიღებენ. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის მშენებლობების დაწყება უახლოეს მომავალშიც იგეგმება.
„ჩვენ მოვინახულეთ ხაშურში ობიექტი, რომლის მშენებლობაც დაიწყო ახალი ტემპებით. ეს მშენებლობა 10 თვის ვადაში ჩაგვბარდება. ეს არის დაახლოებით 110-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. უახლოეს მომავალში ხაშურშივე დაიწყება ამავე მასშტაბის მშენებლობა სააკაძის ქუჩაზე. ასევე მოვინახულეთ სურამში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათ შევპირდით, რომ უახლოეს მომავალში მათი პრობლემა მოიხსნება. მეორე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მთლიანად გადაწყდება ხაშურის დევნილთა პრობლემები. აქ მცხოვრები დევნილი ოჯახები აქტიურად ერთვებიან მშენებლობის პროცესში, ისინი დასაქმდებიან საკუთარი სახლის მშენებლობაზე“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ორი ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია უტარდება ყოფილი საავადმყოფოს შენობასა და მშენებარე კორპუსს.
7-სართულიან შენობებში საცხოვრებელ ფართს 110 დევნილი ოჯახი მიიღებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 თვის ვადაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები