შევეცდებით, ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ – პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
კითხვაზე, ვინ იქნება დასახელებული „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მალე გაახმოვანებენ.
„ახლა შევეცდებით, ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ – პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, გუნდის შიგნით, მართლაც ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია. ჩვენ შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ამიტომ, ჩვენ შევეცდებით, თარიღის გამოცხადებასთან – ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატზეც“, – განაცხადა მდინარაძემ.