გარემოს დაცვის სამინისტროში ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

  საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ლევან ტაბუცაძე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში GIZ-ის ტექნიკური მხარდაჭერით მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტ ლუც ფეზერს შეხვდნენ. ლუც ფეზერი ტყის მდგრადი მართვის კონცეფციების შემუშავების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, რომელიც სხვადასხვა კონცეფციების ავტორია. ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს ტყის მდგრადი მართვის დოკუმენტი გააცნო, რომელიც მან საქართველოში ერთთვიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველ ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მოამზადა. დოკუმენტში ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესების საკითხები, მათი კრიტერიუმები და ინდიკატორებია ასახული.
სამინისტრომ ბოლო დროს განხორციელებული სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში მთელი რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები გაატარა. უწყებამ ექსპერტი ტყის მდგრადი მართვის ეროვნული სტანდარტებისა და კრიტერიუმების შემუშავების პროცესში მხარდაჭერის მიზნით მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები