მაია ბითაძე: სამარცხვინოა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების ქმედებები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ მოვლენების ესკალაცია გამოიწვიონ
“ქართული ოცნების” წევრი, მაია ბითაძე მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ახალგაზრდები, რომელთა დესტრუქციულ ქმედებას ვაკვირდებით მელიქიშვილის გამზირზე, პირნათლად ასრულებენ იმ მითითებებს, რომელიც მათ უცხოელი აქტორებისგან მიიღეს. სამარცხვინოა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ლიდერების ქმედებები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე მოვლენების ესკალაცია გამოიწვიონ. ჩვენ პირდაპირ გვესმის ჩვენი პოლიციის მიმართ ისეთი განცხადებები, როგორიცაა რუსეთის „ომონთან“ შედარება. სამარცხვინო და მოღალატეობრივია პოლიტიკური ლიდერებისგან რაც მოვისმინეთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ ცალკეულ აგრესიულ ქმედებებზე, მოქალაქეების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ. ვნახეთ რა დღეში ჩააგდეს „იმედის“ ჟურნალისტი. ამ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს ორი რამ: ერთი, რომ დღეს საქართველო სხვა სახელმწიფოა და მათ არ გამოუვათ მოვლენების ესკალაცია, რომლის მიზანია საბოლოო ჯამში ვინმეს ფიზიკური დაზიანება, რომ სახელმწიფო გადატრიალების იდეა განახორციელონ და მეორე, მათ ვერ გაიაზრეს ის, რომ მათ ამ საქციელით უფრო მეტი ბრაზი დათესეს საქართველოს მოქალაქეებში“, – აღნიშნა მაია ბითაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. ასევე, პოლიციამ ტერიტორიას განარიდა რამდენიმე პირი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ წუთებში, მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ რჩებიან. ისინი თბილისის ქუჩების პარალიზებას გეგმავენ.