გიორგი ვოლსკი: ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რამაც უკრაინა მაიდნამდე მიიყვანა
“ახალგაზრდა ძალიან ბევრია საქართველოში და ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რომელმაც მაიდნამდე მიიყვანა უკრაინა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ აქციაზე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოგონილი თემაა თითქოს ევროპისკენ სვლა შეჩერებულია.
„მგონია, რომ გარკვეულწილად ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს ამ აქციაში ახალგაზრდების მონაწილეობას. აბსოლუტურად მოგონილი თემაა თითქოს ევროპისკენ სვლა შეჩერებულია, ვინაიდან ყველა მაჩვენებლით ჩვენ არამარტო კანდიდატ ქვეყნებს, ზოგიერთ ევროკავშირის წევრსაც ვუსწრებთ. მეორე საკითხია, რაც საგანგაშოა, რომ პოლიტიკური ლიდერები ჩამოყალიბდნენ ისეთ მავნებლებად, რომელთაც ერთადერთი სახელი შეიძლება დაარქვა – ქვეყნის წინაშე დამნაშავეები. შავი ლაქა სიმბოლოდ გაიხადეს. გული ძალიან მწყდება, რომ ამდენი ახალგაზრდა შეცდომაშია შეყვანილი. ახალგაზრდა ძალიან ბევრია საქართველოში და ახალგაზრდობის სახელით ნუ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ იმ გეგმით, რომელმაც მაიდნამდე მიიყვანა უკრაინა. სისხლის ღვრაზეა საუბარი“, – განაცხადა ვოლსკიმ “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. ასევე, პოლიციამ ტერიტორიას განარიდა რამდენიმე პირი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ წუთებში, მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ რჩებიან. ისინი თბილისის ქუჩების პარალიზებას გეგმავენ.