“საბედნიეროდ, ევროსაბჭოში ჯერ ისევ კიაფობს საღი აზრი, რომელიც მჯერა, მძლავრ ცეცხლად გადაიქცევა და სიცრუეზე გაიმარჯვებს” – დავით ჩიხელიძე
“ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები მრავლისმთქმელი და საინტერესო იყო. ერთ მხარეს იყო მიკერძოებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკრიტიკებდა, მეორე მხარეს კი ობიექტური მსაჯულები, რომლებიც პირადად დააკვირდნენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მათ ნახეს, რომ არჩევნებმა, მშვიდ, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. საბედნიეროდ, ევროსაბჭოში ჯერ ისევ კიაფობს საღი აზრი, რომელიც მჯერა, მძლავრ ცეცხლად გადაიქცევა და სიცრუეზე გაიმარჯვებს. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, ევროპარლამენტარების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად აფასებს, ეს ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც ფაქტებით ხელმძღვანელობენ და ობიექტურობის განცდა არ დაუკარგავთ, მეორე ნაწილი კი, რომელიც საქართველოში ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ცალსახად მერკანტილური მიზნებით ხელმძღვანელობს, რომლებიც ძირითადად არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და ქართული NGO-სექტორის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობიან!”, – წერს ჩიხელიძე.