ერთადერთი, რასაც ახლა აკეთებს ოპოზიცია არის ის, რომ ისინი ებრძვიან ელექტრონულ აპარატებს, რომელმაც ერთ წამში დათვალა არჩევნების შედეგები ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. რა თქმა უნდა, არავითარი რესურსი აქ წარმატების ოპოზიციას არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა პროკურატურასთან, რაც ნიშნავს საქართველოს პროკურატურისადმი ნდობის გამოცხადებას, მაგრამ ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის ეს მოწოდება, ვინაიდან გამოძიებასთან სათქმელი არაფერი აქვს.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა პროკურატურასთან. ეს ნიშნავს ნდობის გამოცხადებას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება და არ თანამშრომლობს პროკურატურასთან, იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვს. ოპოზიცია ზოგადად, გაკოტრებულია ყველა კუთხით – არც არგუმენტები აქვთ, თენგოც ვეღარ შველით, არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები. შესაბამისად, ეს არის სალომე ზურაბიშვილის მცდელობა, რაღაცას მიაღწიოს, სკამს ვერ ელევა, თუმცა ორ თვეში გავა მისი უფლებამოსილების ვადა და ამით ყველაფერი დამთავრდება. პირდაპირ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტმა სალომე ზურაბიშვილს ეთანამშრომლა გამოძიებასთან, ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ საუბარი იყო ეროვნულ გამოძიებაზე. საქართველო არის სახელმწიფო და ამ ქვეყანაში გამოძიებას ატარებენ შესაბამისი ორგანოები, ყველა უნდა შეეგუოს საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველო უნდა ვაღიაროთ სახელმწიფოდ და საქართველო თუ არის სახელმწიფო, აქ კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ყველაფერი. საქართველო არის სახელმწიფო, საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, დაახლოებით, 30 წლის წინ და დღემდე არის დამოუკიდებელი ქვეყანა თავისი ინსტიტუტებით და, სხვათაშორის, ბევრად უფრო ძლიერი ინსტიტუტებით, ვიდრე არის სხვა შესაბამის ქვეყნებში. გამოძიება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მიიტანონ ფაქტები. იმის გამო, რომ ფაქტები არ აქვთ ვერ ახერხებენ ვერაფრის გაკეთებას“, – განაცხადა პრემიერმა.