ბადრი ჯაფარიძე: მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში – გეგმა უკვე ხორციელდება
მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია, გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას – გეგმა უკვე ხორციელდება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცივილიზებული სამყაროს არცერთი წარმომადგენელი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას.
„გეგმა უკვე ხორციელდება. გეგმა შემდგომ ნაბიჯებს მოიცავს: შეგროვებული იქნა მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების თაობაზე; ის, რომ არჩევნების პროცესი მიტაცებული იქნა „ქართული ოცნების“ მიერ. ეს მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია – გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას. ამავდროულად სასამართლოებში შეტანილი იქნა საჩივრები, რაც გულისხმობს სამართლებრივი პროცესის ამოწურვასაც. ეს სამუშაო განხორციელდა არჩევნების დღიდან დღევანდელ დღემდე.
ყველა ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და შესაბამისად, არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სრული კონსენსუსია ოთხ კოალიციურ ცენტრს შორის. ამავდროულად, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური 24 საათიანი კომუნიკაციის შედეგად, ცივილიზებული სამყაროს არცერთი წარმომადგენელი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მიმდინარეობს საერთო მოთხოვნა პირუთვნელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.