“არჩევნებში ოპოზიციის კატასტროფული მარცხი ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც იმსახურებენ” – პაპუაშვილი
“იცით, რომ ამ არჩევნებზე აღარ იყო მაჟორიტარული სისტემა, თუმცა, შემოღებული იქნა ე.წ. დელეგატის ინსტიტუტი. ყველა პარტიას შეეძლო, საკუთარ საარჩევნო სიაში კონკრეტული ადამიანი მიეკუთვნებინა ამა თუ იმ ოლქზე და ეთქვა, რომ აი, ეს ადამიანი იქნება თქვენი ოლქის წარმომადგენელი შემდეგ პარლამენტში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ოცდაათივე ოლქში დააყენა დელეგატები.
“მეორე – ჩვენ ჩავატარეთ არაერთი კარდაკარი, როდესაც, დელეგატებთან ან ჩვენი შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა ოჯახში მივედით. კარდაკარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ზუსტადაც ამომრჩევლების აღრიცხვა, ნახვა, ვინ არის ჩვენი ამომრჩეველი, ვინ შეიძლება დავარწმუნოთ, რომ იყოს ჩვენი ამომრჩეველი და ა.შ. კარდაკარის მიზანი, ასევე არის ჩვენი საინფორმაციო ბროშურების დარიგება და ამაზე ცალკე კარდაკარი გვქონდა, როდესაც ერთი მხრივ, მიღწევებთან დაკავშირებით ბროშურები დავარიგეთ და მეორე – საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით და რეგიონული ღონისძიებები. იცით, რომ ყველა რეგიონში ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, სადაც ყველა ვიყავით წარმოდგენილი და მათ შორის, კიდევ ცალკე, ჩვენ, პირადად მეც, რეგიონში დავდიოდით და გვქონდა შეხვედრები. საერთო ჯამში, დელეგატებს თუ შევხედავთ, აღრიცხული აქტივობები არის შემდეგი: 5048 შეხვედრა ჩაატარეს მხოლოდ დელეგატებმა, ეს არის აღრიცხული შეხვედრები, რომელიც 50 დღეში, 30-მა დელეგატმა ჩაატარა, რაც დღეში საშუალოდ გამოდის 100 შეხვედრა ქვეყნის მასშტაბით და თითო დელეგატმა, საარჩევნო კამპანიის, ამ 50 დღის განმავლობაში, 170 შეხვედრა ჩაატარა. ვიყავით ყველა სოფელში, ვიყავით ყველა უბანში, მივედით თითქმის ყველა ოჯახში, რათა გვესაუბრა მათთან, აგვეხსნა, რა არის ჩვენი საარჩევნო პლატფორმა, დაგვერწმუნებინა, რომ მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისთვის“.
რას აკეთებდა ამ დროს ოპოზიცია? მათ, არავის, არცერთ პარტიას, არც ერთი დელეგატი არ ჰყავდა დასახელებული. ნული. საერთოდ არ ჰყავდათ, არ უთხრეს ხალხს, რომ თქვენი წარმომადგენელი ეს ადამიანი იქნება პარლამენტში. მათ არ ჰყავდათ გამსვლელ სიებში რეგიონიდან კანდიდატები, რომლებიც რეგიონების სახე იქნებოდნენ, სადაც იმერლები, კახელები, აჭარლები, ჩათვლიდნენ, რომ ეს არის ჩემი ხმა და წარმომადგენელი პარლამენტში. მათ შორის, არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები გასვლით სიებში, საერთოდ არ ჰყავდათ, ერთ პარტიას ჰყავდა მხოლოდ და ისიც იმ რეგიონის წარმომადგენელი არ არის, სადაც გარკვეული ეთნოჯგუფები კომპაქტურად არიან დასახლებული. საერთოდ არ ჩაუტარებიათ რეგიონში კამპანია.
ჰგონიათ, რომ ტელევიზორში დაინახავენ და ტელევიზორის ხათრით უნდა მიეცათ ხმა? ამ პარტიებმა იციან საერთოდ, რა არის ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი? ასე რომ, საერთო ჯამში, აქაც ზუსტად ეს ახსნა აქვს. საერთოდ არ უმუშავიათ მოსახლეობასთან, საერთოდ არ მისულან არავისთან. ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ მთელ საქართველოს, მათ შორის, ტელევიზორით ელაპარაკებოდნენ ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებს, საერთოდ, წარმომადგენელი სიაშიც კი არ ჰყავდათ, რომ მათი ხმა ყოფილიყო და ვიღაცას აღექვა, როგორც საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. შემდეგ უკვირთ, რატომ არ აქვს მაღალი მხარდაჭერა ამა თუ იმ პირს.
ამ არჩევნებში კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს ერთ რამეს – ქართველმა ხალხმა მათ მიუჩინა ის ადგილი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, მიუჩინა მოღალატეების და უსამშობლოების ადგილი და ამ ადგილას უნდა იყვნენ ისინი ქართველი ხალხის ვერდიქტით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.