პროკურატურამ მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დააკავა
-
პროკურატურამ მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დააკავა. როგორც ძალოვან სტრუქტურაში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციითვე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კერძოდ, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ.ბუაჩიძს სიკვდილის მიზეზის გასასაზღვრავად და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. “საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პროკურატურა უახლოეს დღეებში გაავრცელებს“-აცხადებენ პროკურატურაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.