კულტურის მინისტრმა ანსამბლ „ერისიონის“ განახლებული შენობა დაათვალიერა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონისთვის“, სახელმწიფოს მიერ გადაცემული რეაბილიტირებული შენობა მოინახულა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ 2021 წლის ივნისში ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული 4 080 კვ. მ შენობის (ქ. თბილისი, ხეთაგუროვის ქ. N26) სრული რეაბილიტაციისთვის პროექტის მოსამზადებლად 180 000 ლარი გამოყო.
სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან _ „შპს იმპოსტთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 25 მაისს და ამავე დღიდან დაიწყო პროექტის განხორციელება.
სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. ახლა ეტაპობრივად დაიწყება შენობის აღჭურვა, რის შემდეგაც ანსამბლი „ერისიონი“ თანამედროვე სტანდარტების შენობას მიიღებს, კერძოდ, შენობაში იქნება: საკონცერტო დარბაზი, ანსამბლის შოუ-პროგრამების შესაბამისი განათება-გახმოვანება, ხმის ჩამწერი სტუდია, კეთილმოწყობილი სარეპეტიციო დარბაზები და საგრიმიოროები, ასევე, გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, მოსასვენებელი სივრცეები და კაფეტერია. გარდა ამისა, შენობაში იქნება სარეპეტიციო დარბაზები „ერისიონის“ სკოლა-სტუდიისთვის.
რეაბილიტაციის სრული ღირებულებაა 13 800 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები